მარკეტოლოგების ეს ხრიკები გვაიძულებენ ვხარჯოთ ფული იმაზე, რის ყიდვასაც არ ვაპირებდით.
- მადის აღძვრა
გრძნობის ორგანოები – აი მარკეტოლოგების ყველაზე აქტიური მოკავშირეები. რამდენჯერ არის ნათქვამი: ”ნუ დადიხართ მაღაზიებში მშივრები!” ხომ რაც უფრო მეტად გშიათ, მით უფრო მეტ არასაჭირო პროდუქტს იყიდით. მაშინაც კი, თუ მშიერი არ ხართ, სუპერმარკეტებს მარაგში აქვთ მთელი რიგი მადის გასახსნელი საშუაალებები.
მაგალითად, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულობის არომატი მყიდველთა მაცდუნებელი შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა. არომატით გაბრუებული ადამიანები უფრო ბევრს ხარჯავენ. სწორად გაკეთებული განათებაც კარგია: ვიტრინაზე განთავსებული პროდუქცია კაშკაშად, მსუყედ და მიმზიდველად მოსჩანს.
ნერწყვის გამოყოფის და პირში ჩასაგდებად რაიმეს სასწრაფოდ ყიდვის ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი საშუალებათაგანია – უფასო სადეგუსტაციო ნიმუშები. ჯერ ერთი, ისინი სასიამოვნო არომატს გამოსცემენ, მიგიზიდავენ და განგაწყობენ მათ შესაძენად. მეორე, უფასოდ გამასპინძლების შემდეგ თავს ვალდებულად იგრძნობთ. ამ ძეხვს დეგუსტაციისას რომ არ გადაყროდით გასასინჯად, მის შესახებ არც კი გაგახსენდებოდათ. ახლა კი ის თქვენს კალათაში გაქვთ და, რა თქმა უნდა, ჩეკშიც იქნება.
- მუსიკით დაგიპნოზირება
თუ სუპერმარკეტში მოგესმათ რიტმიანი მუსიკა, მაქსიმალურად ჩართეთ ყურადღება. მელოდიებს ჩქარი ტემპით რთავენ მაშინ, როდესაც გაყიდვების გაზრდა სურთ. ამერიკის მარკეტინგული ასოციაციის კვლევამ აჩვენა, რომ ენერგიული მუსიკა სპონტანური შესყიდვების პროვოცირებას უწყობს ხელს. ამ დროს ხდება ქვეცნობიერი მორგება მუსიკის ტემპზე და კალათაში საქონლის უფრო აქტიური ჩალაგება.
მეორეს მხრივ, ნელი მუსიკაც თავისებური ხრიკია. მაღაზიებში სპეციალურად შეარჩევენ ხოლმე კომპოზიციებს, რომელთა რიტმიც გულისცების საშუალო მაჩვენებელზე ნელია. ეს აიძულებს ადამიანებს უფრო მეტხანს დარჩნენ თაროებთან, მეტი დრო გაატარონ სავაჭრო დარბაზებში და შედეგად მეტი პროდუქციის შეძენას. ეს ციფრი კი თითქმის 30% -ზე მეტია. ყოველ შემთხვევაში, ასე გვარწმუნებს მარკეტინგის კონსულტანტი ამერიკიდან და წიგნის „ტვინის ბურღვა! როგორ ახდენენ მარკეტოლოგები ჩვენი გონების მანიპულირებასა და გვაიძულებენ იმის ყიდვას, რაც თვითონ უნდათ“ ავტორი მარტინ ლინდსტრომი.
მუსიკის ასეთი გავლენისაგან თავის დასაცავად იარეთ მაღაზიებში ყურსასმენებით.
- გაფორმება ფერებში
მაღაზიები, რომელთა კედლები და შესასვლელი გარედან თბილი ფერებით: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი არის შეღებილი, ხალხს მიიზიდავს. შიგნით კი ვითარება ფერებთან დაკავშირებით იცვლება: ინტერიერში ცივი ლურჯი და მწვანე ფონი მომხმარებელს უფრო მეტს ახარჯვინებს. ჟურნალში „Business Review“ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით CNN აცხადებს, რომ ლურჯ-მწვანე ფერებში გაფორმებულ მაღაზიებში მომხმარებლები 15% -ით მეტ ფულს ტოვებენ, ვიდრე იმათში, სადაც კედლები და თაროები თბილ ფერებშია შეღებილი.
- ფასდაკლების ბარათები და ლოიალობის პროგრამები
ფიქრობთ, რომ ფასდაკლების ბარათები თქვენი ეკონომიისთვის მზადდება? უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გარკვეულწილად სიმართლეა. მაგრამ არა მთლიანად. მაღაზია ლოიალობის ბარათების მფლობელებზე ზოგავს ბევრად უფრო მეტს მთელი რიგი მიზეზის გამო.
ფასდაკლების ბარათით მიბმული ხდებით კონკრეტულ სუპერმარკეტთან
ორ აბსოლუტურად იდენტურ მაღაზიას შორის არჩევანისას, თქვენ უეჭველად წახვალთ იქ, სადაც თქვენი ლოიალობის პროგრამა მოქმედენს.
ბარათი გითვალთვალებთ
ეს იმას ნიშნავს, რომ ბარათი აძლევს მაღაზიას ინფორმაციას თქვენი სავაჭრო ჩვევების შესახებ. რა ფასის ხორცს ანიჭებთ უპირატესობას? რამდენად ხშირად ყიდულობთ ძაღლის საკვებს? შოკოლადი მოგწონთ თუ ფერმენტირებული რძის დესერტები?
ბარათის წყალობით, სუპერმარკეტმა ყველაფერი იცის თქვენი დანახარჯების შესახებ და იძენს მათზე ზემოქმედების შესაძლებლობას.
თუ ოდესმე მიგიღიათ ისეთი ტიპის ინდივიდუალური შეთავაზება, როგორიცაა “შეიძინეთ შოკოლადი ამა და ამ ფასად და მიიღეთ 15%–ნი ფასდაკლება”, გეცოდინებათ რაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, შეთავაზება მომგებიანი ჩანს. მაგრამ ეს მომგებიანია უპირველეს ყოვლისა მაღაზიისთვის, რომელმაც გაყიდინათ უფრო მეტი ტკბილეული, ვიდრე აპირებდით.
ბარათი გიბიძგებთ მეტი დახარჯოთ
ბევრი სუპერმარკეტი რიცხავს ქულებს მათ ქსელში დახარჯული თითოეული მანეთისთვის. მოგვიანებით, ეს ქულები შეიძლება გაანაღდოთ სალაროში გადახდისას. მომგებიანია? ერთის მხრივ, დიახ. მეორეს მხრივ, თქვენ თვითონაც ვერ ამჩნევთ, თუ როგორ გაიძულებთ მაღაზია უფრო მეტი რამის ყიდვას, რათა დაგერიცხოთ სანუკვარი ქულები.
- პროდუქცია–სატყუარა
„იყიდე 10 ცალი მხოლოდ 10 მანეთად“ – კეთილი ძველი მარკეტინგული სვლა. ბევრი ებმება ასეთ მახეში. შედეგად უფრო მეტი რამ არის ნაყიდი, ვიდრე საჭიროა.
არსებობს უფრო დახვეწილი მანიპულაციები. მაღაზია გთავაზობთ პოპულარულ პროდუქტს ნამდვილად კარგ ფასად. მაგალითად, ხორცს მწვადის სეზონზე ან ცნობილი ბრენდის ბავშვის საფენების დიდი ზომის შეფუთვას. ეს სატყუარაა.
ხდება მომგებიანი პროდუქციის აქტიური რეკლამირება, რათა ხელახლა მოიზიდონ კლიენტები ამ კონკრეტულ სუპერმარკეტში.
- დახლები სალაროებთან
სალაროებთან მარკეტოლოგები განათავსებენ ძვირადღირებულ და არა აუცილებელ წვრილმანებს: შოკოლადებს, ჟელეს კანფეტებს მკვეთრ შეფუთვაში, ნაყინს, სველ ხელსახოცებს, ხელების დასაბან საშუალებებს, პრეზერვატივებს და ა.შ. ეს გათვლილია იმაზე, რომ სავაჭრო დარბაზში გადაწყვეტილებების მიღებისგან დაღლილი, სალაროსთან გადახდისას შეიძენთ საკუთარი თავისთვის ან შვილისთვის, რომელიც თან გახლავთ, რაიმე ჯილდოს განსატვირთველად. და ეს მუშაობს.
წვრილმანები სალაროს აპარატებთან განთავსებულ დახლებზე შეიძლება ჩაითვალოს მაღაზიის მომხმარებლებზე ზრუნვად: შესაძლოა დაგვიწყებოდათ კიდეც, რომ სველი ხელსახოცები გჭირდებოდათ და აი ისინიც აქ, თქვენს თვალწინ! მაგრამ თუ სავაჭრო დარბაზში დაბრუნდებოდით, ნახავდით, რომ მსგავსი ხელსახოცები შედარებით ნაკლები ღირს. დაბრუნება მოუხერხებელია, ამიტომ საქონელს ყიდულობთ გაბერილ ფასად და მორიგჯერ ხდებით მაღაზიისთვის “ოქროს საწმისის” მიმწოდებელი.